ქართული მუსიკა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია ცნობილი. სიმფონიური ორკესტრის არსებობა, მუსიკალური თეატრები სხვადასხვა ქალაქებში,მუსიკალური სკოლები, ეს ყველაფერი ასახავს საქართველოს კულტურას.
არქიტექტურა
ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.
აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა.
საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციებში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4 სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარის და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებული ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა გქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი - კვამლისა და სინათლისათვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში გაცრცელებული იყო მიწური სახლები - მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწის სახურავიანი ნაგებობები.
დასავლეთ საქართველოში მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო უმეტესად აშენებდნენ ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს, რომლებიც ხამინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი გქონდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლების ტიპი - ფაცხა.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული. აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი - ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი ყავარი. სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.
ქართული თეატრი
საქართველოში ოდითგანვე არსებობდა მდიდარი თეატრალური კულტურა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ნივთები. მაგალითად, ძვ. წ. აღ. II ათასწლეულის ვერცხლის თასზე გამოსახულია ნიღბოსანთა ფერხული, კოლხურ მონეტებსა და ქართლის მონეტებზე კი – მოცეკვავე ხარის ნიღბით. მსგავსი გამოსახულებები გვხვდება მინიატურებზე, ხელნაწერებში, ჭედური ხელოვნების ნიმუშებზე.
უძველესი თეატრალური სანახაობის არსებობას ადასტურებს ქართული ხალხური პოეზია და მხატვრული ლიტერატურა.
ანტიკური ნიღბები
ქართული თეატრის ფესვები ძალზე შორეულია და მისი საწყისები დაკავშირებულია მოსავლის აღების რიტუალურ დღესასწაულებთან. ძვ. წ. აღ. VI-III სს-ში კოლხეთის სამეფოში, ქუთაისის მახლობლად, აშენებული იყო არენა1, სადაც ეწყობოდა სპორტული შეჯიბრებები და სხვა სანახაობები. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუში2 იყო თეატრის შენობა და იპოდრომი3. ქართლში კლდეში გამოკვეთილ უძველეს ქალაქ უფლისციხეშიც (ძვ. წ. აღ. III-II სს) ყოფილა სცენა, მუსიკოსთათვის განკუთვნილი ადგილი და მაყურებელთა დარბაზი.
ვანში აღმოაჩინეს ანტიკური ხანის თეატრალური ნიღაბი, რომლის ერთი მხარე სიცილის გამომხატველია, მეორე კი – სერიოზული გამომეტყველებისა. ნიღბების მსგავსება ძველ ბერძნულ და ძველ რომაულ ნიღბებთან მოწმობს, რომ საქართველოში იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ სანახაობათა კულტურას.
უფლისციხე
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში არსებობდა თეატრონი, სადაც ასრულებდნენ „რუსთაველისა და თეიმურაზის გაბაასებას“.
ძველ ქართულ ხალხურ სანახაობათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ნიღბოსანთა თეატრი – ბერიკაობა. ბერიკები თაობათა მიერ დამუშავებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული სცენარების მიხედვით ქმნიდნენ „სპექტაკლებს“, თუმცა მთელ რიგ სცენებს უშუალოდ სპექტაკლის მსვლელობისას თხზავდნენ.
ბერიკაობის სათავედ ბუნების განახლებისა და განაყოფიერების საკულტო4 წეს-ჩვეულება არის მიჩნეული, ამიტომ ის საქართველოს ყველა კუთხეში გაზაფხულის დღესასწაულს უკვშირდებოდა. უმეტესწილად, ბერიკაობა სოფლის მოვლით, კარდაკარ ჩამოვლით, ეზოში ან სახლის წინ სრულდებოდა, თუმცა მაყურებელი ხშირად საგანგებოდ მოწყობილ მოედნებსა და სათამაშო ადგილებზეც იყრიდა თავს. გადმოცემით, ბერიკებისათვის მეფე ერეკლეს სასახლეში საგანგებო „საოხუნჯო დარბაზიც“ კი ყოფილა გამოყოფილი.
ბერიკაობაში მხოლოდ მამაკეცები მონაწილეობდნენ. ბერიკებს თავისი მეთაური – ბერიკათწინამძღვარი ჰყავდა. ბერიკათა გუნდს დასი ან დასტა ეწოდებოდა. დასში შედიოდა ტახის, დათვის, თხის, მგლის, მეფის, მოსამართლის, ექიმის, მღვდლის, ბატონის, ვაჭრისა და სხვათა ნიღბები. აკრეფილი გასამრჯელოს შესაგროვებლად დასს ჰყავდა მებარგულები, რომლებიც სახედრებით, ცხენებით, ურმებით დაჰყვებოდნენ უკან. საკრავებიდან ბერიკები იყენებდნენ სტვირს, ზურნას, ჩონგურს, დაირას. სასიმღერო რეპერტუარს5 ბერიკაული ეწოდებოდა.
არსებობდა ხალხური თეატრის კიდევ ერთი სახეობა – ყეენობა. ეს იყო დიდი სახალხო სანახაობა, საკარნავალო დღესასწაული, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ბრძოლას უცხოელ დამპყრობელთა წინააღმდეგ. ყეენობაში მონაწილებას მთელი ხალხი იღებდა.
ყეენობა შეიცავდა ყეენის მოკაზმვის, ქალაქისა თუ სოფლის დარბევის, სასამართლოს, მეფესა და ყეენს შორის ატეხილი ბრძოლის, დამარცხებული ყეენის მდიანრეში გადაგდების სცენებსა და ორ საზეიმო მსვლელობას. ყეენობის მონაწილეები იყენებდნენ გრიმებს, ანუ სახეს იცვლიდნენ მოხატვით, წვერ-ულვაშის მიწებებით და ა.შ. ყეენობისას ჟღერდა მუსიკა.
მაყურებელს ყეენისათვის გასამრჯელო უნდა მიეცა, რითაც შემდეგ ხარჯებს ფარავდნენ, დარჩენილი თანხით კი ქეიფს მართავდნენ. ამ ფულით ეხმარებოდნენ ასევე ავადმყოფებს, გაჭირვებულებსა და უმზითვო ქალებს.
შუა საუკუნეებში გაჩნდა სახალხო თეატრიც, რომელსაც „სახიობა“ ეწოდებოდა. თეატრში მაყურებელს სთავაზობდნენ ცხოვრებისეულ სიუჟეტებს, პატრიოტულ სცენებს. ამ თეატრის მსახიობები მოცეკვავეები და მომღერლებიც იყვნენ. ისინი იყენებდნენ ნიღბებს. სახიობის თეატრს სათავეში ედგა დავით მაჩაბელი, ამავე დასში იყო საიათნოვაც.
ოპერის თეატრის დარბაზი
XVII საუკუნეში აღორძინდა სასკოლო-საეკლესიო თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა თელავის სემინარიის ლექტორი დავით ალექსი-მესხიშვილი. სასკოლო თეატრში კითხულობდნენ ლექსებს, დგამდნენ სხვადასხვა ნაწარმოებებს. ასეთი თეატრი სასულიერო სასწავლებლებთან არსებობდა. მათთვის იწერებოდა საგანგებო, რელიგიური შინაარსის სასკოლო დრამები6.
XVIII საუკუნეში ერეკლე მეორის კარზე შეიქმნა საერო თეატრი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გიორგი ავალიშვილი. თეატრის დასი წარჩინებული, განათლებული, წიგნიერი ადამიანებისაგან შედგებოდა.
გიორგი ავალიშვილს თეატრი თავისებურ სკოლად მიაჩნდა, იგი მაყურებლის ზნეობრივ განწმენდას ისახავდა მიზნად, ამიტომ სცენაზე ქვეყნისა და ერისათვის თავდადებულ ადამიანებს წარმოაჩენდა.
რუსთაველის თეატრი
ქართული თეატრალური ტრადიციების მიუხედავად, საქართველოში არ არსებობდა მუდმივმოქმედი თეატრალური დასი. ქართული საზოგადოების თავშეყრის ადგილები იყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი, ოჯახური წარმოდგენები, შეკრება-საღამოები. ლიტერატურულ სალონთა შორის ცნობილი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის, მამია გურიელის, მელიტონ ბარათაშვილის, მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონები. ნიადაგი მუდმივმოქმედი თეატრალური დასისათვის უკვე შემზადებული იყო. ამ დროისათვის არსებობდა ოცზე მეტი, როგორც ქართული, ისე ნათარგმნი პიესა.
1850 წელს ქართველ საზოგადო მოღვაწეთა დახმარებით მსახიობმა გიორგი ერისთავმა დააარსა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა – გიორგი ერისთავის „გაყრა“ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შენობაში გაიმართა 14 იანვარს, ამიტომ ეს დღე ქართული თეატრის დღედ არის მიჩნეული.
გიორგის ერისთავის თეატრმა მხოლოდ ექვს წელს იარსება, მაგრამ მან უდიდესი როლი შეასრულა ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებასა და მშობლიური ენის შენარჩუნებაში.
ქართული პროფესიული თეატრი თბილისში აღდგა 1879 წელს და მალე მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ შესანიშნავი მსახიობები: უშანგი ჩხეიძე, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი და სხვა მრავალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქართველ რეჟისორთა სახელები, რომელთა წყალობითაც გაიფურჩქნა ქართული თეატრი: კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი.
ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 70-იანი წლებიდან ფიქრობდნენ საბავშო თეატრის შექმნას. 1871 წელს დ. შალიკაშვილის სახლში დაიდგა ორი წარმოდგენა ბავშვებისათვის. მიუხედავად მცდელობისა, საბავშვო თეატრი 1928 წლამდე ვერ გაიხსნა. 1928 წლის 16 დეკემბერს კი თბილისის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო ქართულმა თეატრმა პირველი მაყურებელი მიიღო. საბავშვო თეატრის წინა საფეხურად სასკოლო თეატრი მიიჩნევა.
ქართული კინო
ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული კინემატოგრაფიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ იოსელიანი, სიკო დოლიძე, კოტე მიქაბერიძე, თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა მჭედლიძე, ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მიხეილ კობახიძე, გოდერძი ჩოხელი, თემურ ბაბლუანი და სხვანი.
ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: "ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია"
ისტორია
ქართული კინოს ისტორია 1908 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ვასილ ამაშუკელი პირველ ქართულ დოკუმენტურ ფილმებს იღებს ბაქოში. მათ შორის იყო „ქართველი სცენის მოღვაწენი“ და „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“.ქართული ხალხური ცეკვები
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.