განათლების ისტორია საქართველოში
ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები
ძველი ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების ჩანაწერები მოწმობს, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული ქალაქები“ შესანიშნვაი საზოგადოებრივი შენობებით , „გიმნასიონებით“. ანტიკური განათლების გავრცელებასა და მეცნიერული აზრის შემდგომ განვითარებაში დიდი როლი ითამაშა კოლხეთის უმაღლესმა რიტორიკულმა სკოლამ(III ს. II ნახევარი). IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოჰყვა ეკლესიებთან სკოლების გახსნა. მაგრამ მალე უცხო დამპყრობთა შემოსევებმა , განსაკუთრებით კი არაბთა ბატონობამ, დიდი ხნით შეაფერხა ქართული კულტურის განვითარება. განათლების აღორძინება და ინტენსიური განვითარება დაიწყო XI-XII საუკუნეებში, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის ხანაში. შეიქმნა მეცნიერებისა და განათლების ისეთი კერები, როგორებიც იყო გელათის აკადემია და იყალთოს აკადემია. ამ დიდი საქმის მოსამზადებელი საფეხურები იყოქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერები საქართველოს საზღვრებს გარეთ: ათონის ივერთა მონასტერი საბერძნეთში, პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში და სხვა. XIII საუკუნიდან მოყოლებული ჯერ მონღოლთა ბატონობამ, ხოლო შემდეგ ირანისა და ოსმალეთის გამაპარტახებელმა შემოსევებმა დააქვეითეს და დასცეს კულტურა და განათლება საქართველოში.
ახალი ხანა
XVII საუკუნის II ნახევრიდან შეიქმნა პირობები საქართველოს პოლიტიკური ეკონომიკური და კულტურული გამოცოცხლებისთვის. XVIII საუკუნეში სახალხო განათლების საქმედ ხელისუფლების საქმედ იქცა, რამაც სათანადო შედეგი გამოიღო - 1755 წელს გაიხსნა თბილისის სემინარია, 1782 წელს კი-თელავის სემინარია, ითარგმნა და შეიქმნა სახელმძღვანელოები.საქართველოს რუსეთთან შეერთებამაც გარკვეული წვლილი შეიტანა განათლების, მეცნიერებისა და ქართული კულტურის განვითარებაში.1855 წელს საქარველოში 150-მდე სასწავლებელი არსებობდა, მათ შორის თბილისის პირველი გიმნაზია, ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია და სხვა. 1876 წელს გაიხსნა გორის საოსტატო სემინარია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა არა მარტო საქართველოს , არამედ მთელი ამიერკავკასიის პედაგოგთა კადრების მომზადებაში. ქართველი პედაგოგიკის მამამთავარი იაკობ გოგებაშვილი მთელ თავის ძალასა და ნიჭს ახმარდა სახალხო განათლების საქმეს და მოზარდი თაობის აღზრდას ხალხურობისა და დემოკრატიზმის პრინციპებზე. გოგებაშვილის კლასიკურ სახელმძღვანელოებზე „დედა ენასა“ და „ბუნების კარზე“ აღიზარდა მრავალი თაობა. ი გოგებაშვილი იყო ინიციატორი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , რომელიც არსებობის 40 წლის მანძილზე პროგრესულ განათლების შტაბს წარმოადგენდა. საზოგადოებამ და მისმა გამგეობამ დიდი მუშაობა ჩაატარა სახალხო სკოლების გასახსნელად არამარტო საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთაც:ვლადიკავკაზში, ბაქოში, ნალჩიკში და სხვ.; ახალი სახელმძღვანელოებისა დასაბავშვო ლიტერატურის შესაქმნელად;
1914/15 სასწავლო წელს საქართველოში არსებობდა ერთკლასიანი(სწავლების ხანგრძლივობა 3 წელი), ორკლასიანი დაწყებითი სასწავლებლები, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლები, ქალთა ხუთწლიანი სასწავლებლები, სპეციალური სასწავლებლები, გიმნაზიები(მათ შორის 2 ქართული:თბილისის და ქუთაისის), პროგიმნაზიები, რეალური სასწავლებლები. სამასწავლებლო, სასულიერო, სამრევლო და სხვა სასწავლებლები. ერთი კერძოუმაღლესი სასწავლბელი - ქალთა უმაღლესი კურსები. საქართველოს ყველა ტიპის(1648 დაწყებითი სკოლა) სკოლაში სწავლობდა 124720 მოსწავლე.